ავტომობილებისა და მოტოციკლის რეექსპორტისას დილერი აქციზის გადასახადს უკან დაიბრუნებს

ავტომობილებისა და მოტოციკლის რეექსპორტისას დილერი აქციზის გადასახადს სრულად დაიბრუნებს. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეწარმე იმპორტირებულ საქონელს ექსპორტზე 90 დღის ვადაში გაიტანს.

„მსუბუქი ავტომობილის ან მოტოციკლის ( მოპედის ჩათვლით ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით“, - აღნიშნულია საგადასახადო კოდექსში.

ცვლილება ძალაში 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში რეექსპორტის მოცულობამ 260,5 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 54 502 ავტომობილი გავიდა, რაც 85,7%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. მაშინ მანქანების რეექსპორტმა 29 346 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს, 2018 წელს მანქანების რეექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 408, 936 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 234 810 მლნ დოლარი.

ელზა წიკლაური