ბრიუსელი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების „შავ სიაზე“ მუშაობის განახლებას გეგმავს. „შავ სიაში“ ის ქვეყნები შევლენ, რომლებსაც ევროკომისია ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. წინა მსგავსი „შავი სია“ ევროსაბჭომ მას შემდეგ უარყო, რაც ქვეყანათა ჩამონათვალში საუდის არაბეთი და აშშ-ს 4 ტერიტორია აღმოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times იუსტიციის საკითხებში ევროკომისარზე ვერა იუროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკომისარმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკომისია წარადგენს განახლებულ მეთოდოლოგიას საზღვარგარეთის იურისდიქციების გამოსავლენად, რომლებსაც არ შესწევთ ძალა ფულის გათეთრების რისკებსა და ტერორიზმის დაფინანსებას გაუმკლავდნენ.
ევროკომისიას „შავი სია“, რომელშიც 23 ქვეყანა შედიოდა ევროსაბჭოს დასამტიცებლად თებერვალში წარუდგინა, თუმცა 28-დან 27-მა ქვეყანამ შავი აღნიშნული სიის მიღებაზე უარი განაცხადა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მათ შორის გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა განმარტეს, რომ სიის შედგენა არ მოხდა გამჭვირვალე და სანდო გზით.
ევროკომიის მიერ თავდაპირველად შედგენილ „შავ სიაში“ შევიდნენ ირანი, ერაყი, საუდის არაბეთი, ავღანეთი, პანამა, ლიბია, ვირჯინის კუნძულები, ამერიკული სამოა, ბაჰამის კუნძულები, ბოტსვანა, ჩრდილოეთ კორეა, ეთიოპია, განა, გუამი, ნიგერია, პაკისტანი, პუერტო-რიკო, სამოა, შრი-ლანკა, სირია, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი და იემენი.
ვერა იუროვა მიიჩნევს, რომ ევროპას სარისკო ტერიტორიების დამოუკიდებელი სია უნდა ჰქონდეს შედგენილი იმისთვის, რომ ევროპის ფინანსური სისტემა დაიცვან. ევროკომისიამ ახლა ახალი მეთოდოლოგია და აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებით ახალი „შავი სია“ უნდა შეადგინოს, რომელსაც ევროსაბჭოს წარუდგენს.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა