სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, თბილისში ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდის გადაღების დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მიხეილ ხიდურელი წერს, საქართველოში „ფორსაჟი 9-ის" ეპიზოდის გადაღებასთან დაკავშირებით ბევრი, მათ შორის სკეპტიკური აზრი გაჩნდა. ხიდურელი პროექტის შედეგად საქართველოს მიერ მიღებულ ფინანსურ სარგებელსა და პროექტის მარკეტინგულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე.
„ვულოცავ ყველას - ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში! ბევრი აზრი გაჩნდა, მათ შორის რამდენიმე სკეპტიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის:
პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი - ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივად დასაქმებულებს, ტრანპორტის დაქირავება, ბაზირება (ექსპო ჯორჯია აქვთ აღებული 5 კვირით);
მეორე, ეს არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში, უფასოდ.
მესამე, ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა.
რაც შეეხება cash rebate-ს, ჩვენი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” თანახმად, დახარჯული, კვალიფიციური თანხის 20-25 % კინომწარმოებელ კომპანიას უბრუნდება უკან და რეალურად გადასახადის დაქვითვის ხარჯზე ხდება. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მექანიზმი და ბევრ ქვეყანაში უკვე იქცა კიდეც ეკონომიკის წამყვან ინდუსტრიად. აღარაფერს ვამბობ იმ უდიდეს გამოცდილებაზე, რასაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ აღიშნული პროექტში მონაწილეობის შედეგად.
მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე“, - წერს ხიდურელი.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება დღეს დაიწყო და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.