ქრთამის აღების ფაქტზე, სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი ხვიჩა მჭედლიშვილი და სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" კახეთის სატყეო სამსახურის ლაგოდეხის სატყეო უბნის ტყის მცველი კობა პატაშური.

გამოძიებით დადგენილია, რომ ხვიჩა მჭედლიშვილი და კობა პატაშური, მათ დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ შეშვებისა და ხე-მასალის უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით სისტემატურად სთხოვდნენ და ართმევდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 6-დან 9-წლამდე.