Moody's საქართველოს რეიტინგის მაჩვენებლის გაუმჯობესების ფაქტორებს ასახელებს

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody's Investors service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, Moody's Investors service-მა საქართველოს Ba3-ის რეიტინგი დაადასტურა.

"ცვლილების მთავარი ფაქტორი 2014 წლის სექტემბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებაა, რომელიც Moody's -ის პროგნოზით, მიიზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და ხელს შეუწყობს ექსპორტს", - ნათქვამია საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის განცხადებაში.

როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წელს ქართული ექსპორტის 21% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა მაშინ, როცა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ევროპული ბლოკიდან – უმეტესად ნიდერლანდებიდან, ლუქსემბურგიდან და გერმანიიდან 2010-2013 წლებში საქართველოში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43% შეადგინა.

Moody's ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა "მსოფლიო ბანკის" Easy of Doing business-ის ანგარიშში, რომლის მიხედვით, 2005 წელს ის მე-100 პოზიციაზე იყო, 2014 წელს კი 189 ქვეყანას შორის მე-8 პოზიცია დაიკავა.