ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპის განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება და მთლიანად დაიფარება როგორც კოტე აფხაზის ქუჩა, ისე აბანოთუბანის არეალი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩაზე წარმატებით მიმდინარეობს.
„დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა. წარმატებით მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. საკმაოდ საინტერესო სიახლეა. ჩვენ ვაპირებთ ცენტრალურ ქუჩებზე ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდეს და ეტაპობრივად გადავიდეთ. ეს იყო საპილოტე პროექტი და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ იმ წესებს, რომლებიც დადგენილია ზონალურ-საათობრივი პარკირების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპის განხორციელება და მთლიანად დავფაროთ კოტე აფხაზის ქუჩა და აბანოთუბანის არეალი. უახლოეს დღეებში აქაც მოეწყობა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, თუ ჯერ კიდევ არ აქვთ სისტემაში შეყვანილი საკუთარი ავტომანქანების მონაცემები, მიაკითხონ მუნიციპალურ პავილიონს, რომელიც 1 სექტემბრამდე მოემსახურება დაინტერესებულ პირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკმაოდ ფართოდ მოიხმარება მობილური აპლიკაციაც და გადახდის აპარატებიც. თქვენ იცით, რომ ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო პავილიონი და იქ მყოფი კონსულტანტების დახმარებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც აღნიშნულ ზონაში ცხოვრობს, შეძლო სატრანსპორტო საშუალებების სისტემაში რეგისტრაცია და უფასო პარკირებით სარგებლობა“, - განაცხადა კალაძემ.