„არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად - ჩემთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, მიუხედავად უბნებისა და ქუჩების"

ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, რომელსაც 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმა ექნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პროექტის საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს FORWARD-ის თანდაფანინანსებით ხორციელდება.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. ყოველთვის ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ არ არის აუცილებელი ყველა ადამიანი პროფესიონალი სპორტსმენი იყოს, მაგრამ იცხოვრო სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დაანონსებული გვაქვს მულტიფუნქციური კომპლექსების განხორციელება ორ ლოკაციაზე: ვარკეთილსა და დიღომში. უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ მშენებლობას. თუმცა მანამდე, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვარკეთილში მიმდინარეობს საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა, სადაც მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი.

სტადიონზე დამონტაჟდება 220-250-ლუქსიანი განათება. ვარჯიში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ დღისით, ღამითაც. აქვე მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და შესაბამისი სივრცეებით. სტანდარტულ მოედანთან ერთად, საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდება ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი.

აღნიშნული კომპლექსის მოსაწყობად, 18 243 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თბილისის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში.

პროექტის საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს FORWARD-ის თანდაფანინანსებით ხორციელდება.

საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად მიზანმიმართულად თუ უნებლიედ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყურადღება ძირითადად ცენტრალურ უბნებს ექცევა, რა მიდგომაც კალაძის განცხადებით, მერიას არასდროს ჰქონია.

„ჩვენთვის ყველა რაიონი, ყველა უბანი, ყველა ქუჩა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ყველგან შევდივართ, სადაც რამის შესაძლებლობა გვაქვს. ყველგან გვაქვს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება. მიგვაჩნია, რომ ქალაქი ერთნაირად უნდა განვითარდეს და მიხარია, რომ ეს კონკრეტული პროექტი ვარკეთილში ხორციელდება. ასევე რადენიმე ხნის წინ გლდანში გავხსენით ძალიან მაგარი პარკი, რომელიც 3 ჰექტარზეა გადაჭიმული. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და მინდა ყველამ გაითავისოს, არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად. ჩემთვის ამ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, მიუხედავად უბნებისა და ქუჩებისა. მესმის, რომ პრობლემებია, ყველას აქვს სურვილი რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს თავის ქუჩაზე და უბანში, ყველგან მივალთ და არ დავტოვებთ არცერთ ქუჩას და რაიონს, სადაც არ იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული პარკები და სკვერები, მაგრამ ამას სჭირდება დრო და თანხები“, - განაცხადა კალაძემ.