მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირი „მზიურს“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 სექტემბერს დაიწყება და 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 111 100 ლარია.
ცნობისთვის, „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ამჟამად პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც გულისხმობს საფეხმავლო ბილიკების და კიბეების აღდგენა-განახლებას, ახალი ბილიკების მოწყობას, საბავშვო მოედნის, პერგოლის, მცირე ტბის, საზოგადოებრივი დანიშნულების ტუალეტის, სკეიტპარკის მოწყობას და პარკის ზედა ნაწილის აღდგენა-განახლებას.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ პარკი ქალაქის ცენტრალურ, ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში მდებარეობს, დგება აუცილებლობა, რომ მასზე წვდომა ქალაქის მიმდებარე უბნების მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს გაუმარტივდეს.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, დაიგეგმა მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირიდან, კერძოდ, სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან, „მზიურის“ პარკის მიმართულებით მოეწყოს საფეხმავლო ხიდი, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირთა ასევე ველოსიპედისტთა გადასაადგილებლად.
პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის არქიტექტურული იერსახის ქალაქის ინფრასტრუქტურასთან და ადგილმდებარეობასთან ორგანული შერწყმა. ის უნდა გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი ობიექტი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისათვის. ხიდის სიგანე გათვლილი უნდა იყოს ორმხრივ ველოსიპედისტთა და ფეხმავალთა (მათ შორის შშმ პირთა) გადასაადგილებლად, საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების შესაბამისად, ხოლო ხიდის სიგრძე შემოთავაზებული იქნება მიმწოდებლის მიერ.
ხიდიდან პარკში ჩამოსასვლელად უნდა იყოს გათვალისწინებული პანდუსები, ლიფტები, კიბეები და სხვა ვერტიკალური გადაადგილებისთვის საჭირო მოწყობილობები (პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე),“- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.