მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში დღის წესრიგი ეტაპობრივია და ემთხვევა ანაკლიის პორტის საკითხს, მის მიმართ ბრალდება აბსურდულია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილმა განუცხადა, საფუძვლიანი ეჭვია, რომ მამუკა ხაზარაძის მისამართით პროკურატურის ბრალდებები, პოლიტიკურია.
„საქმე გვაქვს იმასთან, რომ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. ჩვენ დაახლოებით, იგივე ვითარებაში აღმოვჩნდით 2012 წელს, რაშიც დღეს მამუკა ხაზარაძეა. ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესია, მიუხედავად იმისა, როგორია სამართლებრივი მხარე. მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში დღის წესრიგი ეტაპობრივია და ემთხვევა ანაკლიის პორტის საკითხის დედლაინს.
რაც შეეხება ყადაღას, როცა აყადაღებენ ზუსტად იმ თანხას, რომლითაც პროკურატურის ვერსიით აზარალა ხაზარაძემ, ხომ უნდა თქვან ვის სასარგებლოდ აყადაღებენ, ვინ არის დაზარალებული? ისევ ხაზარაძე? ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ? ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება და პროკურატურა, როგორც ინსტრუმენტი ლოგიკურ ნონსენსშია შესული. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ არის, ეს ბრალდება სრული აბსურდია. რადგან ასე შორს წავიდა ხელისუფლება, ბარემ მოგელაძე იპოვონ სად არის და მოიყვანონ.
როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების მოგებას, ის აპირებს არჩევნების ყიდვას და ამისთვის საჭიროა, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე ადმინისტრაციული რესურსების მოძიება. იგივე გზას დაადგა 2012 წელს სააკაშვილი, როცა მოგელაძის მეშვეობით ცდილობდა ჩვენთვის გამოეცალა ყველა რესურსი. სასწრაფოდ სჭირდება ხელისუფლებას მოგელაძე, რადგან მის გარეშე ამ ამოცანას ვერ გადაწყვეტენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება.
ამასთან, პროკურატურის განმარტებით, „სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“ მიმართეს.