საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია.
რაც შეეხება ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, სამეულშია: თურქეთი (864.5 მლნ აშშ დოლარი) ჩინეთი (501.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (486.3 მლნ აშშ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.
2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 24 873 500 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 18 999 000 დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 13 750 200 დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა ფეროშენადნობები - 10 807 600 დოლარი. მე-5 ადგილზე კი 8 718 600 დოლარით კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი ტრიკოტაჟი გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 53 161 700 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 39 831 700 დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 24 207 400 დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა იზოლირებული მავთულები, კაბელები 21 708 700 დოლარით, ხოლო ხუთეულს შავი ლითონების მილები და მილაკები ასრულებს, რომლის იმპორტმა 20 119 400 დოლარი შეადგინა.