"მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმან „რაინეართან“ კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას"

იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას, რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე, რა საქმეში თვისობრივი ნახტომის გაკეთება „რაინეარის“ გარეშე წარმოუდგენელია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი „რაინეართან“ კონტრაქტის გაფორმებას.

„მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმანის, ავიაკომპანია „რაინეართან“ კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას. საზოგადოებას ახსოვს, რომ ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია - რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა - სწორედ „რაინეარისთვის“ მოხდა, რომელსაც ფრენა 2013 წლიდან უნდა დაეწყო. ქუთაისის აეროპორტი, რომელმაც ფრენა მრავალი ჩვენი თანამოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადა და ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი ხეირი მოუტანა დაგეგმილ სიმძლავრეს - წელიწადში ორ მილიონ მგზავრს - ბევრად ჩამორჩება. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას, რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე, რა საქმეშიც თვისობრივი ნახტომის გაკეთება „რაინეარის“ გარეშე წარმოუდგენელია“,- განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკმა ასევე დასძინა, რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს, რის გარეშეც ახალი რეისების დამატება შეუძლებელია, ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე უახლოეს მომავალში გავა.

„ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ სიმძლავრეზე გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთზე ტურიზმში დამოკიდებულების სრულიად განეიტრალებას, არამედ საქართველოს და პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ნახტომს“, - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.