არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღების თაობაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, რა ზომას გამოიყენებს გამოძიება კონკრეტული პირის მიმართ, ეს მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა და ის ვერ დაეთანხმება, რომ აღნიშნული „განპირობებულია რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით“.
„ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა, ეს სრულიად მათი პრეროგატივაა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“,-აცხადებს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება.
ამასთან, პროკურატურის განმარტებით, „სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“ მიმართეს.