ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 800 ღერი უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, ხოლო საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
„ამასთან, აგვისტოს თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ამოღებულ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი - ჯამში 36 469 ღერი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ-ერთი ფაქტი, ამოღებული თამბაქოს რაოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ასევე, მიმდინარე თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო საქონლის, კერძოდ, 15 965 ერთეული მინერალური წყლის, სავალდებულო მარკირების გარეშე რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს ქ. ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2883 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა ჯამში 4 029 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.