კომპანია „არემჯი“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯი“-დან აცნობეს, ნაგებობების მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და პორტუგალიური სამშენებლო კომპანია Elevolution-ის (http://www.elevogroup.com/en/) ტექნიკური და კომერციული მიმართულებების მენეჯერმა მიგელ გერეირომ მოაწერეს ხელი.
„არემჯის“ ცნობით, კომპანიისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა და მსგავს პროგრამებზე „არემჯი“ 2018 წლიდან მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლისთვის წყლის დაბინძურების კუთხით კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევები სრულად აღმოიფხვრება.
„დღეს „არემჯი“ ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სხვადასხვა კომპანიებთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ პორტუგალიურ კომპანია Elevolution-ზე, რომელიც მომდევნო 8 თვის განმავლობაში „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე წყლის გამწმენდ ნაგებობებს ააშენებს. ეს ჩვენი გუნდის ერთობლივი გამარჯვებაა, რაც ვფიქრობ, უმოკლეს დროში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს. პროექტის ჯამური საინვესტიციო თანხა 10 მილიონი ლარია“,- განაცხადა „არემჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
ELEVO-ს წარმომადგენლის მიგელ გერეიროს განცხადებით კი, ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოში ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
„Elevolution-მა დღეს „არემჯისთან“ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას სამი წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირების და მშენებლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია და ის უნდა განვიხილოთ არამხოლოდ ერთი პროექტის, არამედ ორ კომპანიას შორის სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ჭრილში. ასევე მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ პროექტზე ხელმოწერით ჩვენი კომპანია იწყებს სრულფასოვან ოპერირებას ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რაც ვიმედოვნებთ იქნება ძალიან წარმატებული სტარტი“,-აღნიშნა ELEVO-ს წარმომადგენელმა მიგელ გერეირომ.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აშენებული გამწმენდი ნაგებობები „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე არსებული ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. სამი დიდი გამწმენდი ნაგებობების დეტალური პროექტირება და მათი მშენებლობა 8 თვის მანძილზე გაგრძელდება. მშენებლობისას გამოყენებული იქნება გარემოსდაცვით სფეროში აღიარებული გერმანული კომპანია Cerafiltec-ის (http://www.cerafiltec.com/) წყლის გამწმენდი ტექნოლოგიები. შედეგად, მდინარეები ფოლადაური, კაზრეთულა და მაშავერა ისტორიული სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან მთლიანად იქნება დაცული.