მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა უდიდეს წვლილს შეიტანს როგორც ტურიზმის, ასევე საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში

საქართველოში ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ეხმიანება. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა უდიდეს წვლილს შეიტანს როგორც ტურიზმის, ასევე საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, Ryanair -ი ძალიან ცნობადი ბრენდია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიის სტატუსით სარგებლობს. მისივე განმარტებით, სწორედ აქედან გამომდინარეობს, ის მოლოდინიც, რომელიც მგზავრთნაკადის გაზრდას და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოსვლას უკავშირდება.

„ჩვენ ვგეგმავთ Ryanair -თან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, ისევე როგორც ვთანამშრომლობთ სხვა მოწინავე ავიაკომპანიებთან, იმ მიზნით, რომ მოხდეს საქართველოს სწორი პოზიციონირება, პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა, უშუალოდ იმ ქვეყნებში საიდანაც Ryanair რეიესებს შეასრულებს როგორც დედაქალაქის, ასევე ქუთაისის მიმართულებით.

როგორც იცით, წლის დასაწყისში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით ძალიან დიდი მასშტაბური კამპანია დაიწყო საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად. უფრო დიდი აქცენტი კეთდება ევროკავშირის ქვეყნებზე, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები.

რა თქმა უნდა, ინტენსიურად, უფრო მეტად გავაძლიერებთ მუშაობას ახალ მიმართულებებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და ინიცირებით, აღნიშნულ სამ მიმართულებას დაემატება კიოლნი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გერმანია განსაკუთრებით მიმზიდველი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია“,-აცხადებს ქვრივიშვილი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.