პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ავიაკომპანია „რაინეართან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ძალიან დაბალ ფასებში იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში. პრემიერის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს მიზანმიმართულ პოლიტიკას ტურიზმის ნაწილში და აღნიშნული ხელშეკრულებაც სტრატეგიის ნაწილია.
„ჩვენ განვაგრძობთ მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომ ტურიზმის სექტორი კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს ამ სექტორში და მიიღოს შემოსავალი. დღეს ჩვენ მოვაწერეთ ხელი მსოფლიოს წამყვან კომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულებას. ეს არის მართლაც მსოფლიოს წამყვანი და გიგანტი კომპანია, დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ევროპული ქვეყნებიდან. ამავე დროს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ძალიან დაბალ ფასებში იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ამავდროულად მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება იმ სტრატეგიის, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული. უკვე წელს ნოემბრიდან სამი მიმართულება დაგვემატება, მომავალ წელს კი 12 -მდე გავზრდით. მე დარწმუნებული ვარ იმ ძალიან ამბიციურ გეგმაში, რომელიც კომპანია „რაინეარს“ აქვს, საქართველოს განსაკუთრებული როლი ექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.