2019 წლის მე-2 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების ფასი სასაკლაოებში შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში - 23.9 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 8.4, ხოლო ღორის - 21.7 ლარი იყო.
მაშინ როცა, 2019 წლის 1-ელ კვარტალში სასაკლაოებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.4 ლარი, ცხვრის ან თხის - 9.8, ხოლო ღორის - 22.1 ლარი იყო.
ცნობისთვის, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. სასაკლაოებში დაკლულია 98.7 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 42.8 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 57.2 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,970.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.