ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატებითაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
მეწარმე სუბიექტმა, რომელსაც სურს განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები ელექტრონული აპარატების მეშვეობით, რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს განცხადებით.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- ელექტრონული აპარატი იღებს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტას, უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება, გარდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის;
- ელექტრონულმა აპარატმა უნდა განახორციელოს საეჭვო ბანკნოტების და მონეტების ამოცნობა და არ მიიღოს ასეთი ბანკნოტები და მონეტები ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განსახორციელებლად;
- ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს მომხმარებელს უბეჭდავს ქვითარს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;
- ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ჩანაწერი უნდა ინახებოდეს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში კი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილი არ არის ვალუტის გადაცვლის ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით;
- გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა;
- ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს თითოეულ განხორციელებულ ოპერაციაზე კლიენტის პასპორტების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა და შესაბამისი ელექტრონული ასლის შენახვა.
ამასთან, ბრძანების თანახმად, კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისათვის).