მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ ანგარიშებზე ყადაღის დადებას გაასაჩივრებენ.
ამის შესახებ მათი ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ კორძაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც მოგეხსენებათ 20 აგვისტოს ყადაღა დაედო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებს. დღეს ჩაგვბარდა განჩინება, რომლის გასაჩივრებასაც ვაპირებთ კანონით დადგენილ 48 საათიან ვადაში. ზოგადად, როცა რაიმე იურიდიულ დოკუმენტს ასაჩივრებ, ასაჩივრებ მის არგუმენტაციას და დასაბუთებას. ასეთი ნაწილი განჩინებას არ გააჩნია!!!
ასევე ყადაღა მოთხოვნილია წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არავითარ თაღლითობას და ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს, არამედ საქმე გვაქვს სესხთან, რადგან სწორედ წილების შესაბამისად მოხდა სესხება იმის გამო რომ ამ წილების შესაბამისადვე დაფარულიყო კაპიტალის შესავსები გამოყენებულო თანხა. უბრალოდ წარმოუდგენელია და ახალი სიტყვაა კრიმინოლოგიაში, როცა ფული თაღლითობით დაუფლება და გათეთრება ხდება წილების შესაბამისად. პროკურატურის ლოგიკით ფული უკანონოდ თაღლითური გზითაა წამოღებული ,,თი ბი სი” ბანკიდან და ამ დროს დაზრალებულად არავინაა ცნობილი. საინტერესოა დაზარალებულის არარსებობის დროს ვისთვის აყადაღებს და აგროვებს ფულს სასამართლო, მაშინ როცა არც კი განმარტავს სსსკ 151-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე შემთხვევიდან რომელთან გვაქვს საქმე ამ ნორმას რომ იყენებს. ესეც განჩინების ,,დასაბუთება” და ,,წილობრივი თაღლითობა-გათეთრების” დამადასტურებელი ნაწილები,“- წერს კორძაძე.