ზურაბ გვასალია - Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება.

"აღნიშნულით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას ქვეყნის საიმედოობამ აიწია, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი გადავიდა ახალ ეტაპზე, ეს ინვესტორისთვის არის ძალიან პოზიტიური სიგნალი. ასევე კარგია, საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობისთვის, თავად საბანკო სექტორისთვის არის უფრო იაფად საკრედიტო რესურსების მოზიდვის საშუალება. ვფიქრობ, ყველა მიმართულებით კარგია. ეს ასევე დადებითად აისახება ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე", - განაცხადა გვასალიამ.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სააგენტომ საქართველოს შეფასება "სტაბილურიდან" "პოზიტიურში" გადაიყვანა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს ძალიან სასიხარულოა და ვფიქრობთ, კარგია, არა მხოლოდ სახელმწიფო სესხების ნაწილში, არამედ კომპანიებისთვის. ეს მათ კერძო საკრედიტო რესურსის ნაწილში გაცილებით გაუადვილებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას. ეს ეხებათ, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც საკრედიტო ურთიერთობებში იმყოფებიან უცხოელ პარტნიორებთან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა და ქვეყნისთვის მისალოცია.