თბილისში მდებარე, ახალაშენებული ყავის ქარხანა პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულში მოხვდა. აღნიშული კონკურსის კატეგორიას ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობა წარმოადგენდა.
პროექტის ავტორი ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, ქარხნის მშენებელი კომპანია კი Unix Development.
საერთაშორისო კონკურსის ArchDaily & Strelka Award-ის გამარჯვებული 10 სექტემბერს გამოვლინდება.
მანამდე, ყავის ქარხანა აღნიშნულ კონკურსში (ArchDaily & Strelka Award) 50 პრეტენდენტს შორის, 15 საუკეთესოში მოხვდა. სამეულის გამოვლენა კი გულშემატკივართა ხმის მიცემით მოხდა.
კონკურსში თბილისის ყავის ქარხნის კონკურენტები იყვნენ სხვადასხვა დანიშნულების შენობები ლიეტუვადან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელორუსიდან.
ცნობისთვის, თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მისი ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. რამდენიმე თვის წინ როგორც კომპანიის დირექტორმა თორნიკე ჭელიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება. პროექტის საინვესტიო ღირებულება კი დაახლოებით, 25 მლნ ლარია.