თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პროკურატურა ღაჭავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს.
ამასთან, დღეს ლაურა ღაჭავას ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქმეში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავენ.
"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება, ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი შემოწმება შპს-ების. ლაურა ღაჭავა კი არა, შეიძლება სხვისიც ყოფილიყო და იქ მომხდარიყო შემოწმება. ეს იყო ჩვეულებრივი ბუღალტრული შემოწმება“,-აცხადებს კობა ამბარდნიშვილი.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.
ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.