შედეგი რაც ანგარიშია ასახული, ფაქტობრივად, გამოწვეულია იმ დერეგულაციის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, 2006 წლიდან გაუქმდა შრომის ინსპექცია და აღარ იყო შრომის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ამაზე მოახდენდა კონტროლს, - ამ განცხადებით ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე Human Rights Watch-ის ანგარიშს, რომელშიც საქართველოში არსებული შრომის უფლებებია გაკრიტიკებული და ნათქვამია, რომ საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. მისივე თქმით, მუშავდება ცვლილებათა ორი პაკეტი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ბაზარზე არსებული ხარვეზები.
„ახლა ხელისუფლების მხრიდან გადადგმულია გარკვეული პოზიტური ნაბიჯები, შეიქმნა ინსტიტუციის დეპარტამენტი, რომელიც უსაფრთხოებაზე ახდენს შემოწმებას და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენებს გაფრთხილებას, ჯარიმას, სამუშაო პროცესის შეჩერებას. იგივე კუთხით მიმდინარეობს მსჯელობა შრომის უფლებებთან მიმართებაშიც. პროექტი უკვე მომზადებულია, სექტემბერში ვიწყებთ განხილვას პარლამენტში და ჩვენი აქტიური ჩართულობით. საზოგადოებაც იქნება ჩართული, ჩვენი სოციალური პარტნიორები, ბიზნესი, პროფკავშირი და რეალურად ვიმჯელობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და შევიტანთ ამ ცვლილებებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბუნებრივია, მხარს გვიჭერს ამ პროცესში, ეს ცვლილებების პაკეტი უკვე მომზადებულია. გრძელვადიან პერსპექტივაში, 2020 წლიდან დაიწყება ეტაპობრივად, შრომით ინსპექციაზე უფლებების მანდატის მინიჭება, რომ მან გააკონტროლოს ზეგანაკვეთური შრომა, შვებულების დღეები, ის ბენეფიტები, რომელიც შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული. ანუ ვმუშაობთ ორი მიმართულებით, ერთი: არის რომ შეიქმნას შრომის ინსპექციის კანონი და მეორე - ცვლილებები შევიდეს შრომის კოდექსში და თუ რამე ხარვეზი არსებობს აღმოიფხვრას“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე თქმით, იმ კომპანიების და დამსაქმებლების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ და კანონის გვერდის ავლას ეცდებიან, გამოყენებული იქნება სანქციები. რაც შეეხება მომატებული რისკის მქონე ობიექტებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათზე დამატებითი რეგულაციებია გათვალისწინებული.
„შრომის უსაფრთხოების კანონი განსაკუთრებულად არეგულირებს მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს. შრომის უფლებრივი ნაწილი გავრცელდება აბსოლუტურად ყველაზე, ყველას ერთნაირი ყურადღება მიექცევა შრომის უფლებების კუთხით შრომის კოდექსიდან გამომდინარე. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების ნაწილს, ბუნებრივია, მეტი ყურადღება მიექცევა მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებს“, - დასძინა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სასწრაფოდ საჭიროა რეგულაციებისა და ინსპექტირების გამკაცრება მაღაროელებისა და მეშახტეების დასაცავად.
60-გვერდიანი ანგარიში „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“- დეტალურად აღწერს, თუ შრომითი უფლებების არასაკმარისმა დაცვამ და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულმა ზედამხედველობამ როგორ გახადა შესაძლებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ისეთი პრაქტიკის აყვავება, რომელიც ხელყოფს მშრომელთა უსაფრთხოებას. ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას და არ უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შრომის პირობების სრულ ინსპექტირებას.