„საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია“. ამის შესახებ დიზაინერი, გამომგონებელი ზვიად ციკოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
ცნობისთვის, პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე სწორედ ზვიად ციკოლია მუშაობს.
მისი ცნობით, ბრენდს "ორვო" ერქმევა, რაც ძველ კოლხურად რვას, უსასრულობას ნიშნავს. მისი ავტორი კი ციკოლიას თქმით, გიგა ხატიაშვილია. როგორც ციკოლიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, „ორვო“ ერქმევა ქარხანასაც.
შეგახსნეებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.