სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის, ლაურა ღაჭავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს, 500 ათასი ლარის გამოყენების თაობაზე, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას საქმის პროკურორმა, გიორგი გაგნიძემ განაცხადა.
როგორც გაგნიძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, საქმე ეხება 2018-2019 წლების ქმედებებს.
„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს, 500 ათასი ლარის გამოყენების თაობაზე. ამასთან, ბრალდებულს აუკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება. რაც შეეხება ბრალდების არსს, ამ ეტაპზე, რაც გამოძიებით დადგენილია, შპს "ელჯი გრუპზე" ბრალდებულმა არარსებული მანიპულაციების შედეგად შექმნა ყალბი აქტივი, რომელიც შემდეგ გამოყენებულ იქნა საბაჟო ოპერაციებში სხვადასხვა საქონლის იმპორტისა და ასევე მიმდინარე და დაკვირვებული საგადასახადო და საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვის მიზნით.
საქმე ეხება 2018-2019 წლებში ჩატარებულ ქმედებებს. სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოგცემთ“, - განაცხდა გაგნიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.
ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
წინასასამართლო სხდომა 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.