მთავრობის სხდომაზე უცხოელების ბინადრობის წესები დამტკიცდა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უცხოელების შემოსვლის და ბინადრობის წესები დამტკიცდა.

როგორც სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მიგრაციის პოლიტიკის მოწესრიგებას საქართველოში; ამავე დროს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიგრაციის სფეროში ამუშავებს ახალ წესს, რათა ქვეყნის საზღვრების მართვა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელების შემოსვლის და გასვლის პროცესები გაუმჯობესდეს, ასევე უცხოელები იმყოფებოდნენ საქართველოში საბუთით და კანონიერი საფუძვლებით.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის უცხოელთა შესახებ ახალი კანონი, რომელიც ასევე აწესრიგებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებსაც არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა. არის მრავალი სიახლეებიც.

"აბსოლუტურად მცდარია მოსაზრება, თითქოს უცხოელები თავისუფლად ვეღარ შემოვლენ საქართველოში. უცხოელებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა სიაც ჩვენ დღეს დავამტკიცეთ მთავრობის სხდომაზე, აქვთ უფლება, შემოვიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ. მთავარი, რაც იცვლება, არის ის, რომ უვიზოდ შემოსვლის შემდეგ საქართველოში 360 დღით დარჩენის მაგივრად, იქნება ყოველ 180 დღეში 90 დღე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს ასევე დამტკიცდა მთავრობის სხვადასხვა დადგენილება და წესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელებისთვის ბინადრობის წესები.

"პირველ რიგში, ჩვენ შემოგვაქვს ხუთი კატეგორიის სხვადასხვა ვიზა. ვისაც უნდა, დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი დრო, ვიდრე ამას ტურისტული, თუ სხვა ხანმოკლე ვიზა ითვალისწინებს, საჭიროა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ წინასწარ, ქვეყანაში შემოსვლამდე აიღოს საიმიგრაციო ვიზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებს ბინადრობის მოწმობას სტუდენტური ან თუნდაც სხვა შრომითი საქმიანობის გაგრძელების მიზნით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პირველი სექტემბრიდან საქართველოში უვიზო რეჟიმით შემოსვლის უფლება 94 ქვეყნის მოქალაქეს ექნება. ყველა ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება და მათი მიღება საქართველოს საკონსულოებში იქნება შესაძლებელი. უვიზოდ შემოსვლის "განსაკუთრებულ შემთხვევებს" კი საქართველოს მთავრობა ადგენს.