აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.
მათი ინფორმაციით, ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევაზე, საქართველოში ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების გზით. ის, ასევე, გააძლიერებს ქვეყნის კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს მთავრობის საბაზრო ეკონომიკის განვითარებისკენ სწრაფვას.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობის ხელსაყრელად გამოყენების კარგი შესაძლებლობა აქვს. ქვეყანას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან 30-ზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს დადებული და წარმატებით განაგრძობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, უმუშევრობის მაღალმა დონემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის და დაბალი წარმადობით გამოწვეულმა მიმდინარე ანგარიშის მწვავე დეფიციტმა ქვეყანას სრული პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მისცა. ამ გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა არის ADB-ის ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის მთავარი მიზანი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.