იმ მდიდარი ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ჰონგ-კონგიდან ავსტრალიაში საცხოვრებლად გადასვლა სურთ, იზრდება

სულ უფრო მეტად იზრდება ჰონგ-კონგში მცხოვრები იმ მდიდარი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ავსტრალიაში ცხოვრების სურვილი აქვთ. ავსტრალიის იმ სავიზო პროგრამით დაინტერესება, რომლებიც მხოლოდ მილიონერებისთვის არის განკუთვნილი, ჰონგ-კონგში პოლიტიკური არასტაბილურობისა და არეულობის ფონზე გაიზარდა. შეძლებული ადამიანები საცხოვრებლად უსაფრთხო გარემოს ეძებენ, ასეთად კი ავსტრალია ესახებათ. ცნობას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. მილიონერებისთვის განკუთვნილი ვიზებით დაინტერესების ზრდა ჰონგ-კონგში პოლიტიკური არეულობის დაწყებას დაემთხვა.

ავსტრალიის სპეციალური საიმიგრაციო ვიზის მისაღებად ამჟამად საჭიროა 5 მილიონი ავსტრალიური დოლარიდან სულ მცირე 40%-ის ინვესტირება მცირე კაპიტალიზაციის ფონდებსა და ვენჩურულ კაპიტალში, მაშინ როდესაც პირდაპირი ინვესტირება უძრავ ქონებაში აკრძალულია.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში საპროტესტო აქციები ივნისის პირველ ნახევარში დაიწყო, მოსახლეობის უთანხმოება იმ კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც ბრალდებულების კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადირების შესაძლებლობას იძლეოდა, რათა მათზე სასამართლო პროცესი იქ გამართულიყო. მოსახლეობამ ამ პროცესში ჰონგ-კონგისთვის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ნიშნები დაინახა, საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და კონტინენტური ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდეს ჰონგ-კონგის საქმეებში არ ჩარეულიყო. მოცემული მომენტისთვის კანონმდებლობის მიღების პროცესი შეჩერებულია.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა