დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 3 სექტემბრამდე მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

„ყურადსაღებია ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ მეტეოროლოგიური საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ქსელიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 20 აგვისტოდან, დაახლოებით 3 სექტემბრის ჩათვლით, იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა.

ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ ის, რომ რაც შეგვიძლია ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი.

მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მოვერიდოთ გარეთ მაღალი ტემპერატურის დროს სიარულს და ხშირად გავგრილდეთ, მივიღოთ სითხე და დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა უნდა მოერიდოს დაბინძურებულ წყალში ბანაობას, რადგან ძლიერი სიცხის დროს აქტიურდება სხვადასხვა ინფექცია.

„ასევე, უნდა მოვერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, სადაც არ ვართ გარანტირებული, რომ საკვები ინახებოდა შესაბამის ტემპერატურაზე; დავლიოთ ისეთი წყალი, სადაც ვართ დარწმუნებული, რომ წყალი იყო სუფთა. ზოგადად, სასურველია, რომ ამ დროს, როდესაც ეჭვი გვეპარება წყლის ხარისხში, მივიღოთ გადადუღებული წყალი ან შესაბამისად ბოთლში ჩამოსხმული წყალი”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე რეკომენდაცია გაუწია მუნიციპალიტეტებს, ქუჩები დაამუშავონ ე.წ. წყლის გამფრქვევი მანქანებით.