რამდენს და რაში ხარჯავენ ქართველი ტურისტები უცხოეთში

საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ვიზიტისას ყველაზე მეტ თანხას საყიდლებზე ხარჯავენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ერთმა ტურისტმა უცხოეთში საყიდლებზე საშუალოდ 368 ლარი დახარჯა, რაც მთლიანი ხარჯის 33,4%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა - საკვები და სასმელი, ამ შემთხვევაში ერთი ტურისტი 315 ლარს ხარჯავს. 207,8 ლარს ხარჯავენ განთავსებაში. საქსტატის ცნობით, 207,8 ლარს ხარჯავენ ქართველი ტურისტები განთავსებაში; გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 86,6 ლარის; ადგილობრივ ტრანსპორტში 51,4 ლარს; სხვა ხარჯების მოცულობა 71,2 ლარს შეადგენს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617.5 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 561 ათასი შეადგინა.

2019 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 255.3 ათასი და 117.9 ათასი ვიზიტი. უფრო კონკრეტულად, თურქეთზე საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 44.3% მოდის, აზერბაიჯანზე - 20.4%, სომხეთზე - 10.9%, რუსეთის ფედერაციაზე - 7.5%, უკრაინაზე - 1.6%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებზე - 10.3%.