გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის 25 მილიონამდე დაიხარჯება

საქართველოს მთავრობა გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასების გათოვლიანების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

შესაბამისი პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში 25 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

"დღეს ძალიან კარგ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასების გათოვლიანების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების საკითხი და დამტკიცდა, რომ 2 წლის განმავლობაში, ჯამში, 25 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. პირველი ეტაპი 9 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ითვალისწინებს, რომელიც წელსვე განხორციელდება - წლევანდელი სათხილამურო სეზონისთვისვე წამყვანი იტალიური და ავსტრიული კომპანიები სათხილამურო ტრასების ნაწილის გათოვლიანების აპარატურას დაამონტაჟებენ. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მომავალი წლისთვის იგეგმება 2 ხელოვნური ტბის მშენებლობა, რომელიც, როგორც გათოვლიანებისთვის ინფრასტრუქტურის დასრულების მაჩვენებელი, ისე ზაფხულის პერიოდში დამსვენებლებისთვის სასიამოვნო ატრაქცია იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება იტალიურ და ავსტრიულ კომპანიებთან 30 აგვისტოს, ავსტრიაში გაფორმდება.

"დამსვენებლებისთვის ეს იქნება გარანტირებული თოვლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმროების მფლობელებისთვის, რათა მათ გარანტირებული შემოსავლები მიიღონ. მოგეხსენებათ, შარშან იყო უთოვლო სეზონი გუდაურში, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ინვესტორები. ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარი ინვესტიცია იქნება ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანამ წაახალისოს სათხილამურო კურორტებზე ინვესტიციები. ესაა ძალიან კარგი საქმე", - აღნიშნა მინისტრმა.