ბევრ ჩვენგანს აქვს ფავორიტი ბრენდი, თუმცა ხშირად არ ვიცით, თუ როგორი იყო მისი შექმნის და განვითარების ისტორია.
Business Insider-ის ექსპერტებმა ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდების ისტორიები მოიძიეს და მათ შორის, შავი წარსულის მქონე კომპანიების სია გამოაქვეყნეს.
Business Insider -მა კომენტარის გაკეთება ყველა კომპანიას სთხოვა, თუმცა კომპანიების დიდმა ნაწილმა რაიმეს განმარტება არ ისურვა.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ მსოფლიო ბრენდებს, შავი წარსულით:
Hugo Boss - ბრენდის შემქმნელი დიზაინერი მეორე მსოფრლიო ომის დროს ნაცისტური პარტიის აქტიური წევრი იყო. სწორედ ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ბრენდი თავის დროზე დაკავებული იყო ჰიტლერის ახალგაზრდული ძალების უნიფორმების შეკერვით.
L'Oréal- კომპანიის დამფუძნებელი ეჟენ შულერი იყო ორგანიზაცია Cagoule-ს წევრი. ეს არის ფაშისტური საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე საფრანგეთის დემოკრატიული მთავრობის დამხობას ცდილობდა.
Koch – 1925 წელს ფრედ კოხ უფროსმა დააფუძნა Winkler-Koch, რომელიც იყო საინჟინრო კომპანია. წიგნში, სახელწოდებით - „შავი ფული“ - ავტორი წერდა, რომ Winkler-Koch-ი ქარხნების აშენებას ნაცისტურ გერმანიაში გეგმავდა. აღნიშნულის შესახებ Business Insider-ს კომპანია Koch გამოეხმაურა. მათი განმარტებით, კომპანიის მეწარმემ მაშინვე დატოვა გერმანია, რაც მისთვის ნათელი გახდა, რომ ჰიტლერის რეჟიმი ტირანული იყო.
IBM – 2001 წელს წიგნში სახელწოდებით „IBM და ჰოლოკოსტი“ ავტორი წერდა, რომ კომპანია ნაცისტურ გერმანიას ძვირად ღირებული ტექნოლოგიებით 12 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა. აღნიშნული ინფორმაცია საარქივო მასალებზე დაყრდნობით გაკეთდა. თუმცა, IBM-ის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული წიგნი რამდენიმე მეცნიერმა უარყო. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ნაცისტური რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულებები.
Chanel - ყველასთვის კარგად ცნობილია კოკო შანელის ორი ბიოგრაფიული წიგნი, რომლის მიხედვითაც ვარაუდობენ, რომ დიზაინერი გერმანიის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის საიდუმლო აგენტი იყო. აღნიშნული მოსაზრების საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, კოკო შანელს მასთან საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდა.
Volkswagen, Porsche და Audi - დღეისთვის აღნიშნული ავტომობილები Volkswagen Group-ის საკუთრებაა, ბრენდების სახელი კი ასევე შავ წარსულს უკავშირდება. კერძოდ, ფერდინანდ პორშე იყო ცნობილი გერმანელი ინჟინერი და ნაცისტური პარტიის წევრი. ჰიტლერის დაკვეთით სწორედ მისმა კომპანიამ შექმნა მსოფლიოში ცნობილი ავტომობილი „ფოლცვაგენ ჟუკი“. Audi-ის წინამორბედი კი Auto Union იყო, რომელიც ომის დროს იძულებით შრომას იყენებდა.
Adidas-ის და Puma -ს დამფუძნებლები მხოლოდ ძმები არ ყოფილან. ადოლფ და რუდოლფ დასლერები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ. თავდაპირველად ძმები ერთად მუშაობდნენ, თუმცა მოგვიანებით კონფლიქტის მიზეზით სხვადასხვა კომპანია შექმნეს. ადოლფი გახდა - Adidas-ის, ხოლო როდოლფი Puma-ს დამფუძნებელი. როგორც ცნობილია, არცერთი ძმა არ იყო ნაციზმის ძლიერი მომხრე.
Ford - ჰენრი ფორდი იყო ამერიკელი ბიზნეს ინოვატორი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მან მეოცე საუკუნის დასაწყისში ანტისემიტური შეხედულებები გაავრცელა. კერძოდ, ფორდმა შეიძინა გაზეთი The Dearborn Independent, მხოლოდ იმისთვის, რომ გამოექვეყნებინა მთელი რიგი სტატიებისა, სადაც აღწერილი იყო აშშ-ის წინააღმდეგ ებრაული შეთქმულებების ისტორიები.
BMW - კომპანიის დიდი წილის მფლობელი იყო ქუანდტების ოჯახი, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი მეწარმეების ქონება მიითვისეს. 2016 წელს კომპანიამ სინანული გამოთქვა, რომ მას მოუწია გამოეყენებინა მონების შრომა და დახმარებოდა ნაცისტურ პარტიას თვითმფრინავებისა და მოტოციკლეტების წარმოებით.