E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
თუმცა, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარაში გელა ნებიერიძისა და გიორგი ნებიერიძის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. კერძოდ, საუბარია, 351,333, 1517 და 305 კვ. მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.