კოჯორში ახალგაზრდული სოფლის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ღირებულება, წინა ტენდერის ანალოგიურად, 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
დოკუმენტაციის მიხედვით, ახალგაზრდული სოფელი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო, სტუდენტური და ახალგაზრდული, სპორტული და სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის ბაზა საგანმანათლებლო, სამუშაო, შემეცნებითი, კულტურულ-გასართობი პროექტებისთვის, სპორტული შეკრებებისთვის. კომპლექსს ექნება საცხოვრებელი დაახლოებით 300 ბენეფიციარის ერთდროულად განთავსებისთვის, ასევე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა, საფესტივალო და სარეკრეაციო სივრცეები, ღია და დახურული ნაგებობები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებების განსახორციელებლად.
„ახალგაზრდული სოფელის ბაზაზე განხორციელდება საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, ბანაკები, სპორტული და კულტურული ფესტივალები, იქნება შესაბამისი თემატური სივრცეები სხვადასხვა ჯგუფების მუშაობისთვის (სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების არაფორმალური განათლების აქტივობები, ტექნოლოგიების მიმართულება, სტარტაპერები, სახელოვნებო ჯგუფები, სპორტული კლუბები),“-აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.
შეგახსენებთ, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში ახალგაზრდული სოფელის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე პირველი ტენდერი ივლისში გამოცხადდა. წინადადებების მიღება 31 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მალევე შეწყდა. წინა ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 220 338 ლარი იყო. თუმცა ის ვერ შედგა, როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ომწოდებლის მხრიდან მაღალი აქტივობა გახდა.