ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - Moody's გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის პოზიტიური შედეგია

ეროვნული ბანკის შეფასებით, სარეიტინგო სააგენტო Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება ინვესტორებისთვის პოზიტიური შედეგია.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის დადასტურებასაც წარმოადგენს, რომ საქართველოს ეკონომიკა და ფინანსური სექტორი დასავლეთის ბაზრებთან ინტეგრაციის გზით უნდა განვითარდეს.

"Moody's ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის პოზიტიური შედეგია, ვინაიდან სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებს ეყრდნობა მათი ბევრი გადაწყვეტილება, Moody's კი, 3 ძირითადი სარეიტინგო კომპანიიდან ერთ-ერთია. ეს არის პოზიტიური შედეგი ინვესტორებისთვის, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პირველი შედეგია.

"რეიტინგები მრავალ ფაქტორს მოიცავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი იყო ასოცირების შესახებ ხელშეკრულება. ასევე, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპორტის გაზრდა", - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. სააგენტომ საქართველოს შეფასება "სტაბილურიდან" "პოზიტიურში" გადაიყვანა.