„ირანმა ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ დღეში 700,000-1,5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი მოითხოვა"

თუკი დასავლეთს სურს ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების მიზნით მოლაპარაკებები აწარმოოს, ირანს დღეში მიმინუმ 700,000 და უკეთეს შემთხევაში 1, 5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტის განახორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსს“ ირანის ხელისუფლების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირანის საგარეო მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის საფრანგეთის ქალაქ ბიარიციში განხორციელებული ხანმოკლე ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ცნობილია, ირანის საგარეო მინისტრი საფრანგეთის ქალაქ ბიარიციში ჩავიდა და „დიდი შვიდიანის“ სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.

სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიზიტის ფარგლებში ზარიფი ფრანგ კოლეგასა და საფრანგეთის პრეზიდენტსაც შეხვდა და შეხვედრაზე ის პირობები განიხილეს, რამაც შესაძლოა, თეირანსა და ვაშინგტონს შორის აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ შექმნილი დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტთან შეხვედრას ზარიფიც ადასტურებს. ის „ტვიტერზე“ წერს, რომ მათთან „კონსტრუქციული“ შეხვედრა ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზარიფთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა მაკრონმა კრიზისის შემცირების გზები განიხილა, მათ შორის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქება და ირანის კომპენსაციის მექანიზმით უზრუნველყოფა.

თუმცა, როგორც „როიტერსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, „დიდი შვიდიანის“ ლიდერებმა ვერ შეძლეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაერწმუნებიათ, რომ ირანზე დაკისრებულ სანქციებზე უარი ეთქვა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, გუშინ მოულოდნელად ჩავიდა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ზარიფის ვიზიტი მათთვის სიურპრიზი იყო. თავად ზარიფმა კი გამგზავრებამდე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „წინ რთული გზა“ ჰქონდა, თუმცა „ცდად ღირდა.“

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვაშინგტონი ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას გამოეთიშა და 2018 წელს თეირანს დოკუმენტის პირობებით გაუქმებული სანქციები დაუწესა.