„ბაქსვუდის“ შემდეგ „ბიჯეოს“ მემკვიდრე კიდევ ერთი სკოლის 80%-იანი წილის მფლობელი გახდა

საინვესტიციო ჯგუფის BGEO Group PLC -ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ და „თბილისის მწვანე სკოლა“ გაერთიანდნენ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია განიხილა და მიიჩნია, რომ შესაბამისი ბაზარი, რომელზეც შერწყმა ხორციელდება, ბაზრის მახასიათებლების (HHI ინდექსი) მიხედვით დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ წილის შეძენით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, თავსებადია.

მანამდე „საქართველოს კაპიტალმა“ საკონტროლო პაკეტი „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისში“ შეიძინა. აქაც კონკურენციის სააგენტომ დადებითი დასკვნა გასცა.

შპს თბილისის მწვანე სკოლა 2011 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, იმ დროისთვის კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები იყვნენ ბაკურ სულაკაური და კახა დავითური. „საქართველოს კაპიტალთან“ გაერთიანების შემდეგ „თბილისის მწვანე სკოლაში“ ბაკურ სულაკაურს და კახა დავითურს 10-10%-იანი წილი დარჩათ, „საქართველოს კაპიტალი“ კი 80%-იანი წილის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისს“, აქაც „საქართველოს კაპიტალი“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა, 10-10% წილის მფლობელები კი მისი დამფუძნებლები დარჩნენ - რამაზ აფციაური და ალექსანდრე ვაშაკიძე. „საქართველოს კაპიტალმა“ „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისში“ საკონტროლო პაკეტი ორიოდე კვირის წინ შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC-ი გაიყო და ფუნქციონირება ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძო. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.

ელზა წიკლაური