სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ბეატრისში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა პარიზის მხრიდან გაცხადებულ ახალ - ე.წ. ციფრულ გადასახადებზე ისაუბრეს. შეხვედრის ინიციატორი ფრანგული მხარე იყო, რომელიც ცდილობს დაბლა დასწიოს დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ამ საკთხზე და დაარწმუნოს შტატები, რომ ეს გადასახადი არ შეეხება მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს, არამედ შეეხება ყველას, რომელიც დასაბეგრ ზღვარს გადასცდება.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის სენატმა საბოლოოდ მიიღო დადგენილება ახალი გადასახადის ამოქმედების შესახებ, რომელიც შეეხება ისეთ ციფრულ კომპანიებს, რომელთა ბრუნვა მსოფლიოში აჭარბებს 750 მილიონ ევროს, ხოლო საფრანგეთში 25 მილიონ ევროს. აღნიშნული კომპანიები დაიბეგრებიან საფრანგეთში საერთო ბრუნვის 3%-ით. დაიბეგრებიან ციფრული კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოიცავს ინტერნეტ რეკლამას, ინტერნეტ გაყიდვებს და ინფორმაციის აგრეგატირებას.
ამ გადასახადის შემოღების პასუხად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ პარიზი ამ ნაბიჯს გადადგამს, ის ფრანგულ ღვინოებზე აამოქმედებს საბაჟო გადასახადს.