კალიფორნიაში, მონტერეის საავტომობილო კვირეულის ფარგლებში, „RM სოთბისის“ მიერ გამართულ აუქციონზე კურიოზული ამბავი მოხდა. ანტიკვარული „პორშე ტაიპ 64-ის“ შეძენაზე წარმოუდგენელი ფასი - 70 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. მაგრამ როგორც მალე გაირკვა, ეს იყო შეცდომა და მყიდველი ავტომობილში „მხოლოდ“ 17 მილიონს იხდიდა.
„პორშეს“ პირველი ავტომობილის მოსალოდნელ გასაყიდ ფასად 20 მილიონი დოლარი იყო მიჩნეული, მაგრამ მოულოდნელად გამოცხადდა, რომ ვაჭრობა 30 მილიონი დოლარიდან აიღებდა სტარტს. ვაჭრობისას, დიდ ეკრანზე ავტომობილი იყო გამოსახული და ფასის მატებაც დიდი ციფრებით ფიქსირდებოდა. აუქციონი რომ დასრულდა, ეკრანზე წარმოუდგენლად მაღალი ფასი - 70 მილიონი დოლარი ეწერა.
რა თქმა უნდა, დარბაზში მყოფებმა ტელეფონები იმარჯვეს, რათა სენსაცია დაეფიქსირებინათ. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. აუქციონმა გამოაცხადა, რომ საწყისი ფასი არა 30, არამედ 13 მილიონი დოლარი იყო, საბოლოოდ კი მყიდველი ავტომობილში 17 მილიონს იხდიდა და არა 70-ს.
ბევრი ვარაუდობს, რომ აუქციონმა ეს გამიზნულად გააკეთა, რადგან იმ დღეს ვაჭრობისას ბევრი ავტომობილის გაყიდვა ვერ მოხერხდა და ამ ფაქტის გადაფარვა გახდა საჭირო. მაგრამ „ბლუმბერგთან“ საუბრისას, „RM სოთბისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოხდა შეცდომა. მისი თქმით, გამომცხადებლის მიერ ნათქვამი 13, ეკრანის ოპერატორმა გაიგო, როგორც 30 (ინგლისურად ეს ორი რიცხვი დაახლოებით ერთნაირად გამოითქმის). იგივე მოხდა, როცა გამოცხადდა, რომ მყიდველი 17 მილიონის გადახდას დათანხმდა, ეს კი ოპერატორმა იმავე მიზეზით, 70-ად გაიგო.
მიჩნეულია, რომ „ტაიპ 64“ კომპანია „პორშეს“ პირველი ავტომობილია. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ წინ Porsche აწერია. ეს არის რეკორდული „ტაიპ 64-ის“ სარბოლო ვერსია. სულ სამი ასეთი ავტომობილი დამზადდა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ მოდლს „პორშეს“ პირველ ავტომობილად არ მიიჩნევენ. მათი არგუმენტი ისაა, რომ ავტომობილის კონსტრუქციაში, „ფოლკსვაგენის“, „ფიატის“ და სხვა კომპანიების ნაწილებია გამოყენებული.