Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის ზრდასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო Moody's Investors Servise-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, Moody's Investors Servise-მა საქართველოს Ba3 სუვერენული რეიტინგი დაადასტურა და სტაბილური პერსპექტივა (outlook) პოზიტიურით შეცვალა.

"პოზიტიური ცვლილების ძირითად საფუძველს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა (რომელიც, თავის მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს) და ასევე, გაუმჯობესებული ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მმართველობა.

Moody's-ის შეფასებით,DCFTA ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და ექსპორტის ზრდას.

Ba3 სუვერენული რეიტინგის დადასტურება ასახავს საგარეო მოწყვლადობის, გეოპოლიტიკური რისკებისა და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობის შეფასების კომბინაციას ახლო მომავლისთვის.

საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურამდე ემყარება შემდეგ მოსაზრებებს:

ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივა (DCFTA-დან გამომდინარე);

საგარეო პოზიციების გაუმჯობესების პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში.

DCFTA-დან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, Moody’s-ის გადაწყვეტილების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საშუალოვადიან პერიოდში და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პერსპექტივა, რომელიც მხარდაჭერილია გაძლიერებული ინსტიტუციური შესაძლებლობებით და გაუმჯობესებული ეკონომიკური მმართველობით.

Moody's-ის შეფასებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მმართველობა, მათ შორის Ba3 და Ba2 სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით.

საქართველოს სტაბილური პერსპექტივის პოზიტიურით შეცვლაზე ასევე გავლენა იქონია ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებამ სხვადასხვა რეიტინგებში - მსოფლიო ბანკის Doing Bussines-ის 2014 წლის რეიტინგში საქართველომ, 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა, მაშინ, როდესაც 2005 წელს, 155 ქვეყანას შორის მე-100 ადგილი ეკავა.

საქართველო ასევე დაწინაურდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2013-2014 წლების Global Competitiveness Index-ში და 72-ე ადგილი დაიკავა (2012-2013 წლებში ეკავა 77-ე ადგილი).

ასევე, მსოფლიო ბანკის 2012 წლის მმართველობის ეფექტურობის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის შეფასების ინდიკატორებში საქართველოს 48-ე, 63-ე და 50-ე ადგილები უკავია იმ 122 ქვეყანას შორის, რომელსაცMoody's-აფასებს.

ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივაზე დადებით გავლენას იქონიებს საქართველოში მოქმედი ნორმების დაახლოება ევროკავშირის ნორმებთან, რომელიც, მათ შორის, ხელს შეუწყობს საბაზრო ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და საერთაშორისო ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების მოხსნას.

Moody's-ის შეფასებით, DCFTAდა მისგან მიღებული სარგებელი ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოზიციების გაუმჯობესებას როგორც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების, ასევე საგარეო ვალის შემცირების გზით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო შეჩერებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ექსპორტის ზრდას, საქართველოს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის მოცულობის გათვალისწინებით, DCFTAეფექტიანი განხორციელებიდან მიღებული სარგებელი გადაწონის რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ექსპორტის შესაძლო შემცირებით გამოწვეულ დანაკლისს.

Moody's განიხილავს საქართველოს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა შემცირდება DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელების პირობებში. რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისას ასევე ყურადღება მიექცევა რეგიონულ სტაბილურობას და რუსეთ-უკრაინის კრიზისიდან გამოწვეული საფრთხეების შემცირება-გაქრობას, თუმცა ეს ფაქტორები არ იქნება გადამწყვეტი რეიტინგის გაუმჯობესებისთვის", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.