თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ტენდერები უახლოეს დღეებში გამოცხადდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ტენდერები განახლებული პირობებით უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ამის შესახებ თბილისის მერია დღეს განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტს  უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, სატენდერო და ხელშეკრულებების პირობების დახვეწის მიზნით, შეწყდა 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული ჯამური ღირებულებით დაახლოებით 26 მილიონ ლარი. ტენდერების შეწყვეტის მიზეზი არაკვალიფიციურად შედგენილი ხელშეკრულებები გახდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესრულებული სამუშაოების ხარისხს. შემოდის ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის კომპონენტი ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის დაკავების ფორმით, საიდანაც 2,5% ანაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5 % ხარისხის საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, კონტრაქტორებს მიეცემა წინა პერიოდთან შედარებით მეტი ავანსი.

ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება გაწერილი სამუშაოების შესრულების ეტაპები. სავალდებულო გახდება განსახორციელებელ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკების წარმოდგენა. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამკაცრდება საჯარიმო სანქციები.

შეწყვეტილი სატენდერო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი ნახვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებვერდზე spa.gov.ge-ზე შეუძლია", - აღნიშნულია განცხადებაში.