საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში არსებული ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს, ტურიზმის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნო, - ამის შესახებ ინფორამციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
იმერეთში საქმიანი ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს 20-მდე წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი გაეცნო.
,,ქუთაისსა და წყალტუბოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ რეგიონში საქმიანი ტურიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, შეხვედრები გამართა, სადაც საკონვენიო ბიუროს წევრი წამყვანი კომპანიების თანამშრომლებმა იმერეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს’’, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ჩვენ შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ტურიზმის სტრატეგია 2025 წლამდე, ასევე, წყალტუბოსა და ქუთაისში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია რეგიონებში კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, მოსახლეობის დასაქმება და ბიზნესის განვითარებისათვის შესაძლებლობის მიცემა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი დაესწრნენ.