ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლებული ამბულატორია გაიხსნა. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიის - სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და პროექტის ინვესტორი კომპანიის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-water) დაფინანსებით განხორციელდა.

„ნენსკრა ჰიდროს“ ცნობით, ამბულატორიის გახსნამდე, 21-23 აგვისტოს სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწვევით ჭუბერის ამბულატორიაში ქართველი და კორეელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, რომლითაც 200-მდე ადამიანმა ისარგებლა.

ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სუნიქ ლი და K-water-ის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ჩოლმინ ნო ესწრებოდნენ.

„ჩვენი კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში არაერთ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. მიმდინარეობს აგრეთვე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში, არამედ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაშიც“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სუნიქ ლიმ.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 1 200 000 ლარამდე დახარჯა.