ირაკლი გილაური - Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება ქვეყანაში ინვესტორების შემოყვანას ხელს შეუწყობს

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის შეფასებით, Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება "დიდი პროგრესია და ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოყვანას ქვეყანაში".

ირაკლი გილაური იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც რეიტინგის ზრდა განაპირობა და მომავალში კიდევ უფრო მეტ წინსვლას ელის.

"რეიტინგის ზრდის მიზეზი რეალურად არის ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკის ზრდა, ინვესტორისთვის კარგი გარემო, ასევე ის, რომ საბანკო სექტორი არის სტაბილური და ძლიერი, ინვესტიციები კარგი რაოდენობით შემოდის, ექსპორტი გაზრდილია - ეს ყოველივე ხელს უწყობს რეიტინგის ზრდას. მართალი გითხრათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი წლით დაგვიანებულიც არის რეიტინგის ზრდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეიტინგი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს მომავალში. ვფიქრობ, სხვა სარეიტინგო სააგენტოებიც მიბაძავენ Moody's", - განაცხადა გილაურმა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სააგენტომ საქართველოს შეფასება "სტაბილურიდან" "პოზიტიურში" გადაიყვანა.