ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ და ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებამ, საფინანსო სექტორზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე აისახა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 20%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.
ამავე მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4 175 ადამიანი, რაც 816 ადამიანით, დაახლოებით 16,3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მისო-ებში 4 991 ადამიანი მუშაობდა.
მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 41 ერთეულით შემცირდა ფილიალების რაოდენობაც. თუ 2018 წლის მეორე კვარტალში 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 433 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 392-მდე შემცირდა.
ამავე პერიოდში შემცირდა მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობაც. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,052 მლრდ ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,259 მლრდ. გაცემული სესხების რაოდენობა კი 1 003 449-დან 706 421-მდე შემცირდა.
რაც შეეხება გაცემული სესხების სტრუქტურას, 2018 წლის მეორე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,259 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 367,2 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 320,9 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 219,1 მლნ ლარით დააკრედიტეს.
2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი, გაცემული 1,052 მლრდ ლარის სესხიდან 358,3 მლნ ლარი - სალომბარდე სესხი იყო, 280,2 - სამომხმარებლო სესხი, 196 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.