„ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ ეჭვი აქვთ, ჩემი და ხაზარაძის ფულადი სახსრები კრიმინალური წარმოშობისაა"

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ რეპრესიულ ღონისძიებებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ახალი სიტყვა თქვა.

„ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია“, - აღნიშნა „თიბისი ბაკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.