„ჩვენ არ გვეშინია, ვიღებთ ამ გამოწვევას და ვაპირებთ გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ ქვეყანაში ეს რეალობა შეიცვალოს"

მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებს, აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში და სასარგებლო იქნება, თუკი მათი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ კრიმინალური და უსაფუძვლო ბრალდების შესწავლაში, რომელიც ჩვენ მიმართ იყო წარმოდგენილი, ამ შეთითხნილი საქმის არსში გაერკვევიან და თავიანთ დასკვნას დადებენ, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის და მამუკა ხაზარაძე აპირებენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

“დღეიდან ვაპირებთ, ვამხილოთ ყველა ის სამსახური, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს გამოყენებით, რომელიც ჩვენი აზრით, გამოიყენება ამ სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელებაში. ჩვენ ვაპირებთ, გადავდგათ ნაბიჯები იმდაგვარად, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა ჩვენს ან საერთაშორისო საზოგადოებაში ამ კონკრეტული საქმის მიზეზებთან და მის შინაარსთან მიმართებაში. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საელჩოს, აქტიურად იყოს ჩართული მთლიანად ამ პროცესში, რადგან ყველაზე დიდი იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის სიმართლე და გამჭვირვალობა. უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან სასარგებლო იქნება, თუკი ჩვენი მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ კრიმინალური და უსაფუძვლო ბრალდების შესწავლაში, რომელიც ჩვენ მიმართ იყო წარმოდგენილი, იმ შეთითხნილი საქმის არსში გაერკვევიან და თავიანთ დასკვნას დადებენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პრინციპულია, „თიბისი ბანკის“ საქმე აღქმული იყოს, როგორც უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი ქვეყნისთვის.

„ძალიან პრინციპულია, არ შევხედოთ ამას, როგორც ერთ-ერთ რუტინულ საქმეს, არამედ შევხედოთ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს, რათა არ დავუშვათ პროკურატურის, სასამართლოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყენება პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის ინსტრუმენტად და რათა გამოვრიცხოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად და ვაპირებთ, გადავდგათ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ჩვენი მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში ეს რეალობა, რომელიც დღეს აქ არსებობს, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და კლავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.