„ლიბერთი ბანკმა“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, მე-5 წევრი დაამატა. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 4 წლით მაგდა მაღრაძე დაინიშნა.
„ლიბერთის“აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, მაგდა მაღრაძის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი განისაზღვროს 2,500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდაც მოხდება „ბანკის“ სახელფასო პოლიტიკის შესაბამისად.
მაგდა მაღრაძე 2013 წლიდან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორის თანამდებობას იკავებს. 2008 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მაგდა მაღრაძე მუშაობდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. 2008 წლამდე, დაახლოებით 9 წლის განმავლობაში, ის კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
1995-98 წლებში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს საწარმოებისა და საბუღალტრო აღრიცხვის რეფორმის პროექტში“, სადაც კოორდინირებას უწევდა საბუღალტრო განათლების პროგრამების და ACCA გამოცდების ადმინისტრირებას, ასევე, ევროგაერთიანების დსთ-ის ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების (EU TACIS) და მსოფლიო ბანკის პროექტებში. გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკულ კომპანია Northern Technologies International Corporation-ში, სადაც აღმასრულებელ დირექტორსა და კომპანიის იურისტებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში უწევდა დახმარებას.