"პენსიონერ პედაგოგებს, რომლებმაც სკოლებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, 2 წლის ჯამური ხელფასი ოქტომბერში ჩაერიცხებათ"

პენსიონერ პედაგოგებს, რომლებმაც სკოლებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, 2 წლის ჯამური ხელფასი ოქტომბრის დასაწყისში ჩაერიცხებათ და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა შეუნარჩუნდებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული.

"6 ათას პედაგოგზე მეტი ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და ამავე დროს მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვაწლმოსილი პედაგოგები სახელმწიფოსგან სათანადოდ დაფასდებიან.

მინდა მათ ღვაწლს განსაკუთრებული ხაზი გავუსვა - თითოეული ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმე პერიოდი გადაიტანეთ თქვენ, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკის თუ შეცდომების შედეგად განათლება მიიყვანეს კატასტროფის პირას და თქვენ ანაზღაურების არასებობის პირობებში, ელემენტარული ინფრასტუქტურის არარსებობის პირობებში განათლების სისტემა მოიტანეთ დღემდე და დღეს მოგვეცით იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ყველაზე გაბედულ და ამბიციურ პროექტზე დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს.

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული და მჯერა, ჩვენს განათლების სისტემას ეყოლება მოტივირებული და მუდმივი განვითარებისაკენ ორიენტირებული პედაგოგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტახემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ექსპერტებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები რეფორმის მომზადების პროცესში და იქვე დასძინა, რომ „განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ სიღარიბისგან“.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ განათლების რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა.