ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული სხდომის მონაწილეები დღეს კახეთს ესტუმრებიან

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) პლენარული სხდომის მონაწილეები დღეს კახეთის რეგიონს ესტუმრებიან.

ღვინის ერონული სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებს მასპინძლობას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი გაუწევს. ტურის ფარგლებში სტუმრები წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს და ღვინის ძველ მარანს დაათვალიერებენ. ასევე, ქართული ღვინის წარმოების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

WWTG-ს მონაწილეები კახეთის რეგიონში კომპანიის "მეღვინეობა ხარებას" ტურისტულ კომპლექსს ,,გვირაბი" დაათვალიერებენ, ჩურჩხელებს ამოავლებენ და თონეში შოთის პურს გამოაცხობენ.

სტუმრებისთვის კახეთის ტური ღვინის დეგუსტაციითა და საზეიმო ვახშმით დასრულდება, სადაც WWTG-ს მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც შეუერთდება. საზეიმო ვახშამზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი 2014 წლის რთველის დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებს.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული შეხვედრა 25-26 აგვისტოს თბილისში, სასტუმრო "Radisson Blu Iveria Hotel"-ში გაიმართა და მასზე ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა.

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა მიმდინარე წლის აპრილში ერთი წლის ვადით გახდა. WWTG (აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საქართველო) სახელმწიფოთა არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის მიზანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებაა.